
დაბა კოჯრის ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანია "თელასმა" ქვესადგურში "კოჯორი" სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ქვესადგურში ძალოვანი ტრანსფორმატორის (T-2) და 35-კილოვოლტიანი ზეთიანი ამომრთველის (BT-35) სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ქვესადგურის სიმძლავრე 4 მეგავატით გაიზარდა. აგრეთვე, გაუმჯობესდა დაბა კოჯრის 1437 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება განსაკუთრებით აქტუალურია დაბა კოჯრის ინფრასტრუქტურის განვითარების, საკურორტო სეზონის მოახლოების და ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების პირობებში.
***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.