კომპანია "თელასის" ინვესტიციები 2016 წელს 29,5 მილიონლარს შეადგენს

მიმდინარე წელს სს „თელასმა“ გააუმჯობესა კომპანიის ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, თბილისის ელექტროქსელის ტექნიკური მდგომარეობა და აბონენტთა მომსახურების ხარისხი.

წლის წარმატებული თანამშრომლები კომპანიამ სიგელებით და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია და კომპანია “თელასის” 2016 წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში გაიმართა. ღონისძიებას სს „თელასი“-ს გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2016 წელს “თელასის” მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 29,5 მილიონი ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 14 მილიონი ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტების პროექტების  განხორციელებას მოხმარდა, ხოლო 15,5 მლნ. ლარი ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებზე დაიხარჯა.

წელს სხვადასხვა პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოები 35 ქვესადგურში ჩატარდა. ქვესადგურში „მუხიანი“ კომპანია „თელასმა“ 6/10/35-კილოვოლტიანი დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების და ქვესადგურის ერთიანი მართვის პუნქტის რეკონსტრუქცია-მოდერნიზების პროექტი განახორციელა. ქვესადგურში „პლატო ნუცუბიძე“  110კვ ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტი ჩატარდა. განხორციელდა ქვესადგური „სოლოლაკის“ სრული რეკონსტრუქციის პროექტი. დასრულდა ძალოვანი ტრანსფორმატორის რეაბილიტაცია ქვესადგურში „კოჯორი“. ასევე დასრულებულია სამუშაოები ქვესადგურის „ნავთლუღი-2“ 6(10)კვ ქსელში მოწყობილობების გადაძაბვისგან დაცვისა და ერთფაზა დამიწების დაცვების სელექტიურობის გაზრდის მიზნით.

განხორციელდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების „კენისი-4“ და „მახათა“ რეკონსტრუქცია-მოდერნიზების პროექტები. დაახლოებით 18 კმ ამორტიზირებული საკაბელო ხაზები ახლით შეიცვალა, ხოლო ქსელის რეზერვირებისთვის დამონტაჟდა 7 კმ ახალი საკაბელო ხაზები. კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები 16 ქვესადგურში დასრულდა.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.

2016 წლის 11 თვის მონაცემებით 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქსელში დაფიქსირებული ტექნიკური ინციდენტების რიცხვი 11%-ით, ხოლო ელექტროენერგიის დანაკარგების მაჩვენებელი 0,8% შემცირდა.

2016 წლის 11 თვის განმავლობაში კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 491 მლნ. კვტ/ს ელექტროენერგია შეისყიდა, რაც 318,7 მლნ. კვტ/ს-ით აღემატება 2015 წლის 11 თვის მაჩვენებელს. აგრეთვე, 2015 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით ამაწლის 11 თვის განმავლობაში მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა 319,8 მლნ. კვტ/ს-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის რეალიზაციის კუთხითაც. 2016 წლის იანვარ-ნოემბერში ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა  შარშანდელ 11 თვის მაჩვენებელს 91,5 მილიონი ლარით გადააჭარბა.

თბილისის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. კომპანია “თელასი”-ს ინვესტიციები 2017 წელს 28,8 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.