კომპანია "თელასი" ქვესადგურში "სოლოლაკი" რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოებს ახორციელებს

ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით კომპანია "თელასი" ქვესადგურში "სოლოლაკი" რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სს "თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი და კომპანიის ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე.

ქვესადგური "სოლოლაკის" რეკონსტრუქცია-მოდერნიზების პროექტი სს „თელასის“ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ტარდება ისეთი სამუშაოები როგორიცაა, შენობის რემონტი; 6/35 კვ გამანაწილებელი მოწყობილობის რეკონსტრუქცია; 35/6 კვ დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობაზე საკაბელო არხის მოწყობა; მართვის ფარის, ციფრული რელეების და დაცვების მონტაჟი; მეორადი კომუტაციის კაბელების შეცვლა. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება ქვესადგურის მართვა და კონტროლი, რაც საბოლოო ჯამში თბილისის ცენტრალური რაიონების 15 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების საიმედოობას და ხარისხს გაზრდის.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.