კომპანია "თელასი" ქვესადგურში "მუხიანი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასი“ ქვესადგურში "მუხიანი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, "ინტერ რაოს" ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და სს "თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.

ქვესადგურში 6/10-კილოვოლტიან დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობებზე მოძველებული ზეთიანი ამომრთველები იცვლება თანამედროვე ვაკუუმური ამომრთველებით; ძველი ოპერატიული მართვის ფარის მაგივრად დამონტაჟდება ციფრული ტერმინალით აღჭურვილი თანამედროვე მართვის ფარი; განახლდება ქვესადგურის საკაბელო მეურნეობა. აგრეთვე ტარდება ქვესადგურის შენობის კაპიტალური რემონტი. ქვესადგური „მუხიანის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 686 000 ლარს შეადგენს. ქვესადგურის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება ქვესადგურის მართვა და კონტროლი, მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების უსაფრთხოების დონე და ქვესადგურის მუშაობის ეფექტიანობა, რაც საბოლოო ჯამში მუხიანის და თემქის დასახლებების (გლდანი-ნაძალადევის რაიონის) 24 ათასზე მეტ აბონენტის ელექტრომომარაგების საიმედოობას და ხარისხს გაზრდის.

„ენერგოდისტრიბუციის კომპანიები ჩვენი ენერგეტიკის საფუძველი არიან. უმნიშვნელოვანეისია ის საინვესტიციო სამუშაოები, რომელსაც ეს კომპანიები ყოველწლიურად ახორციელებენ. ეს კონკრეტული სამუშაოები უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ იქმნება უსაფრთხო და კომფორტული გარემო თვითონ თანამშრომლებისთვის“ - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.