სს "თელასი" ინტენსიურად მუშაობს დედაქალაქის ელექტროქსელის საიმედოობის ასამაღლებლად

სს "თელასი" აგრძელებს თბილისის ელექტროქსელის რეაბილიტაციას. დედაქალაქის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის ასამაღლებლად კომპანია ყოველდღიურად ატარებს სატრანსფორმატორო ჯიხურების, მაღალი ძაბვის საკვანძო ქვესადგურების, საჰაერო და საკაბელო ხაზების გეგმიურ-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს.

კომპანია "თელასის" ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე ადგილზე გაეცნო ზემოაღნიშნული სამუშაოების მსვლელობას.

ამჟამად 35/6-კილოვოლტიანი ქვესადგურის "საბურთალო-1" 6-კილოვოლტიან მე-4 სექციაზე  გეგმიური ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, მოწმდება სარელეო დაცვის და ავტომატიკის წრედები, ტარდება ელექტრული გაზომვები და გამოცდები პირველადი კომუნიკაციის მინაერთებზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა გაეზრდება საბურთალოს რაიონის 21 300 აბონენტს.

ავარიული სიტუაციის პრევენცის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება 35-კილოვოლტიან საჰაერო ხაზზე "ვერა-1", სადაც თერმოგრაფული გამოკვლევის შედეგად აღმოჩენილ იქნა ხაზის სუსტი წერტილები. საჰაერო ხაზის რეაბილიტაციის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა გაეზრდება თბილისის ცენტრალური რაიონების 25 490 აბონენტს.

კომპანიამ ასევე დაიწყო სარეზერვო ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილი სატრანსფორმატორო ქვესადგურების დამატებითი კაბელებით აღჭურვა. შესაბამისად, მომავალში ელექტრომომარაგების ძირითადი ხაზების ავარიულად გამორთვის ან სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს, აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლებელი გახდება სარეზერვო ხაზით. ეს ყველაფერი მოსახლეობის ხარისხიანი და უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას ემსახურება.

„აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის“ - განაცხადა სს "თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.