კომპანია "თელასს" ეკოლოგიური მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

სს "თელასი" პირველია საქართველოს ელექტროგამანაწილებელ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო ეკოლოგიური მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 14001:2004.

ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკაცია ISO 14001 სტანდარტის მოთხოვნებთან წარმოადგენს საწარმოს ეკოლოგიური ეფექტურობის დადასტურებას და მის პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართ.

ISO 14001 არ ადგენს მოთხოვნებს ეკოლოგიური მაჩვენებლებისათვის, მაგრამ აწესებს ფარგლებს, რომლებიც კომპანიამ ან ორგანიზაციამ უნდა დაიცვას ეკოლოგიური მენეჯმენტის ეფექტური სისტემის შესაქმნელად და ბუნებაზე საწარმოს საქმიანობის ნეგატიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. საერთაშორისო სტანდარტის ISO 14001:2004 მოთხოვნების შესაბამისად, ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა წარმოადგენს სს „თელასის“ სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინების ერთ-ერთ გზას  და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის და გარემოს დაბინძურების შემცირების ეფექტურ მეთოდს. ISO 14001 გამოყენება კომპანიის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს ისევე, როგორც გარე დაინტერესებულ მხარეებს, აძლევს გარანტიას, რომ გარემოზე ზემოქმედება ფასდება და უმჯობესდება.

კომპანია „თელასში“ ISO 14001 სერტიფიკატის მისაღებად მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში  დაიწყო. ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის ფორმირების, დანერგვის და შესაბამისი სერტიფიკატის მიღების მიზნით, კომპანიაში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანიასთან „Quadra Consulting“ თანამშრომლობით, შეიმუშავა შიდა ნორმატიული დოკუმენტები, მოამზადა მასალები და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით კომპანიის ეკოლოგიური პოლიტიკა დამტკიცდა. მოსამზადებელი სამუშაოების პროცესში განისაზღვრა კონკრეტული ეკოლოგიური მიზნები და ამოცანები, დაიგეგმა გარემოს დაცვის სისტემის დანერგვასთან და ეკოლოგიური ასპექტებისა და ზემოქმედების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განხორციელდა ეკოლოგიური ეფექტურობის შეფასების, ეკოლოგიაზე უარყოფითი ზეგავლენის პრევენციისა და კონტროლის სამუშაოები. სს „თელასის“ ეკოლოგიური პოლიტიკა სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის და ენერგეტიკის სამინისტროს პოლიტიკას ეკოლოგიური მენეჯმენტის სფეროში.

2015 წლის თებერვალსა და აპრილში საერთაშორისო კომპანიამ „Inter Tek“ „თელასის“ აუდიტი ჩაატარა და სერტიფიკატის მიღებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკოლოგიური მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 14001:2004 კომპანია „თელასმა“ დაგეგმილ ვადაზე ექვსი თვით ადრე მიიღო.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.