სს "თელასის" განცხადება

გუშინ 110 კილოვოლტიანი საჰაერო გადამცემი ხაზის "დიღომი 102" ავარიულად გამორთვის მიზეზი ხაზის ქვეშ გაჩენილი ხანძარი გახდა, რამაც გამოიწვია გაბარიტის დარღვევა და გარდამავალი მოკლე ჩართვა.

გადამცემი ხაზის "დიღომი 102" მეშვეობით ელექტროენერგია ქვესადგურ "დიღომი-1"-ის მომხმარებელს მიეწოდებოდა. ავარიის გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდა დიდუბის რაიონის დაახლოებით 15 ათას აბონენტს, მათ შორის ოლიმპიურ ობიექტს ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზს.

ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის 13 წუთში, 12:48 საათზე სარეზერვო კვებაზე გადართვით აღდგა.

სს "თელასის" ტექნიკურმა სამსახურმა გადამცემი ხაზი „დიღომი 102“ მთლიანად დაათვალიერა, ხაზზე დაზიანება არ არის. ამჟამად ხაზი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.

ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობაა. კომპანია „თელასმა“ არაერთხელ მიმართა მოსახლეობას და სხვადასხვა ორგანიზაციებს თხოვნით გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება "თელასის" ობიექტების სიახლოვეს საქმიანობის განხორციელებისას.