კომპანია "თელასი" სოფელ ახალდაბაში ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს

კომპანია "თელასი" სოფელ ახალდაბაში სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

ამჟამად ხორციელდება გადამცემი ხაზის ათი თხუთმეტმეტრიანი საყრდენი ბოძების მონტაჟის, დამიწების კონტურების მოწყობის, ტრავერსების და იზოლატორების მონტაჟის სამუშაოები. საყრდენებზე საჰაერო ხაზის მონტაჟი 22 ივნისს დასრულდება, რის შემდეგაც ხაზი ჩაირთვება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. 

სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენამდე სოფლის 134 აბონენტის ელექტრომომარაგებას კომპანია 65-კილოვატიანი დიზელ-გენერატორის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც 850 ლიტრ საწვავთან ერთად „თელასმა“ სტიქიური უბედურების ზონაში ჩაიტანა.

მეწყერმა, რომელიც 13 ივნისს გვიან საღამოს ჩამოწვა, იმ ელექტროგადამცემი ხაზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი დააზიანა, რომელიც ახალდაბის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.