კომპანია "თელასმა" სოფელ ახალდაბის ელექტრომომარაგება უზრუნველყო

კომპანია "თელასმა" ვერტმფრენის გამოყენებით სოფელ ახალდაბაში დიზელ-გენერატორი და საწვავი ჩაიტანა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგების აღსადგენად ადგილზე ჩავიდა კომპანიის ტექნიკური ბრიგადა.

სტიქიური უბედურების ზონაში ასევე ჩავიდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, რომლებიც ადგილზე გაეცნენ შექმნილ სიტუაციას და სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა დასახეს.

სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენამდე დიზელ-გენერატორი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს სოფელ ახალდაბის 134 აბონენტს. ამჟამად აღდგენითი სამუშაოების მეთოდების და ვადების განსაზღვრის მიზნით სპეციალისტები ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების ხარისხს აფასებენ.

მეწყრემა, რომელიც 13 ივნისს გვიან საღამოს ჩამოწვა, იმ ელექტროგადამცემი ხაზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი დააზიანა, რომელიც ახალდაბის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.

 

***

სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***

ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.