"თელასი" - საპატიო სპონსორი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე"

"თელასი" ტრადიციულად აგრძელებს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პროექტის  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" მხარდაჭერას.

"ცხრა წლის განმავლობაში "თელასი" ფესტივალის საპატიო სპონსორია. პროექტის  მიზანია ახალგაზრდა ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზაცია და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის სულიერების ამაღლება. ჩვენი კომპანია ყოველთვის დიდი სიამოვნებით მიიღებს აქტიურ  მონაწილეობას ფესტივალის ორგანიზებაში" - განაცხადა სს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

მეათე საიუბილეო  საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" წელს 16 აპრილიდან 21 მაისის  ჩათვლით  გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში შესრულდება მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ხალხური მუსიკა, ასევე შედგება ეთნო ჯაზის საღამო და ორი კონცერტი მარათონი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოეთში აღიარებული ვარსკვლავები, ასევე საზღვარგარეთ და საქართველოში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსები.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია აშშ–ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი და პედაგოგი ალექსანდრე კორსანტია.

კულტურის მოღვაწეთა კონცერტები თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში, ასევე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.  წელს საფესტივალო საღამოებს საქართველოს რეგიონებიც უმასპინძლებენ: ჩოხატაური (გურია), ბაღდათი (იმერეთი), ხარაგაული (იმერეთი) და ბათუმი (აჭარა). 

აკადემიური ხელოვნებისა და კლასიკური მუსიკის  საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და აკაკი რამიშვილის ფონდის “ტრადიცია და ინოვაცია”- ს მიერ.  მას შემდეგ  ეს პროექტი ქართული კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.  

 

***სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.