სს "თელასი" აგრძელებს ამორტიზებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს

2015 წელს სს "თელასი" აგრძელებს ამორტიზებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სადაც ძირითადი ადგილი მაღალი ძაბვის საკაბელო ხაზების შეცვლის პროექტებს უკავიათ.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაზრდა, რადგან ქსელში წარმოქმნილი ავარიების (გათიშვების) ძირითად მიზეზს სწორედ საკაბელო ხაზების ამორტიზება წარმოადგენს.

ამორტიზებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება საკმაოდ შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესია. იმისათვის, რომ ზემოხსენებული პროექტის განხორციელების დროს აბონენტების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, კომპანიამ დაიწყო სარეზერვო კვების გარეშე დარჩენილი სატრანსფორმატორო ქვესადგურების დამატებითი კაბელებით აღჭურვა. შესაბამისად, ელექტრომომარაგების ძირითადი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლებელი გახდება სარეზერვო ხაზით.

საკაბელო ხაზების აღდგენისა და რეზერვირების პროექტების რეალიზაცია ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია კერძო ან საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ე.წ. წითელი ხაზები) ჩასატარებელ გათხრით სამუშაოებთან. უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობის მხრიდან მსგავს მოქმედებებს წინააღმდეგობა მოჰყვება.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამორტიზებული კაბელების შეცვლა, ასევე სარეზერვო კაბელების ჩადება მოსახლეობის ხარისხიანი და უწყვეტი ელექტრომომარაგებით  უზრუნველყოფას ემსახურება. კომპანია ამ მიზნით დებს საკმაოდ დიდ ინვესტიციებს, რომელიც გარკვეული ვადებით და პირობებითაა შეზღუდული. თითოეული მსგავსი პროექტის შეფერხება რისკის ქვეშ აყენებს მისი განხორციელების შესაძლებლობას.

სს "თელასი" წინასწარ უხდით ბოდიშს აბონენტებს ამ პროექტების განხორციელების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის და იმედოვნებს, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება კომპანიის მიერ დაგეგმილ სამუშაოებს.

 

***სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.