"სუპერ ბებია და ბაბუა 2015" კონკურსის ყველა მონაწილე კომპანია "თელასმა" დააჯილდოვა

კომპანია ”თელასმა” სათნოების სახლის “კათარზისის” მობინადრეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული და ახალი წელი მიულოცა.

„სუპერ ბებია და ბაბუა“ ტრადიციული კონკურსის მონაწილეებისთვის კომპანიამ ფულადი ჯილდოები დააწესა. გამარჯვებულები 500 ლარით დაჯილდოვდნენ ხოლო დანარჩენი მონაწილეები - 70 ლარით. აგრეთვე, საახალწლო ნობათი “თელასისგან” – სხვადასხვა ტკბილეული, ყველა კონკურსანტმა მიიღო.

წელს კონკურსში 70 წელს გადაცილებული 23 მოხუცი მონაწილეობდა - “კათარზისის” და საქართველოს სხვა რეგიონებში განლაგებული  სათნოების სახლების წარმომადგენლები.

„სუპერ ბებიის“ და „სუპერ ბაბუის“ საპატიო წოდება მიენიჭათ: 78 წლის ნანული პაპიაშვილს და 82 წლის ზურაბ გოგიძეს.  

აგრეთვე, ტრადიციული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოხუცთა თავშესაფარ „კათარზისის“ მიერ 2014-2015 წწ ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს 15 000 ლარის ოდენობით კომპანია „თელასი“  დაფარავს.

შესაბამისი სერტიფიკატი სათნოების სახლს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ გადასცა. „თელასის“ დახმარებით „კათარზისის“ 300–ზე მეტ მოხუცებულს წლის ყველაზე ცივ თვეებში სინათლე და სითბო არ მოაკლდებათ.

 სათნოების სახლ “კათარზისს” კომპანია “თელასი” 2005 წლიდან  მფარვებლობს.  ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის გარდა კომპანია „თელასი“ მოხუცთა თავშესაფარს პროდუქტით და საჭირო ინვენტარითაც ამარაგებს. წელსაც საკვები პროდუქტების შესაძენად სათნოების სახლს კომპანია „თელასმა“ 5 000 ლარი გადასცა.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.  „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33,5 გიგავატს შეადგენს.