კომპანია “თელასის”ინვესტიციები 2014 წელს 32 მილიონ ლარს შეადგენს

კომპანია “თელასმა” 2014 წლის შედეგები შეაჯამა. მიმდინარე წელს სს „თელასმა“ გააუმჯობესა კომპანიის ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, თბილისის ელექტროქსელის ტექნიკური მდგომარეობა და აბონენტთა მომსახურების ხარისხი.

წლის წარმატებული თანამშრომლები კომპანიამ სიგელებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია და კომპანია “თელასის” 2014 წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში შედგა. ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, სს „თელასი“-ს გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2014 წელს “თელასის” მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 32 მილიონი ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 13 მილიონი ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტების პროექტების  განხორციელებას მოხმარდება, ხოლო 19 მლნ. ლარი ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებზე დაიხარჯება.

წელს კომპანია „თელასმა“ ჩაატარა სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები  110/35 და  10(6) კილოვოლტიანი ქვესადგურების  გამანაწილებელ მოწყობილობებზე, მოდერნიზების სამუშაოები სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკურ ნაწილზე;  სარემონტო–პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდა 110 და 35 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებს, შეიცვალა 35/10/6  კილოვოლტიანი ძაბვის მოძველებული  საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.

ქვესადგურებში „დიდუბე-220“ და „საბურთალო-1“ კომპანია „თელასმა“ რეკონსტრუქცია-მოდერნიზების პროექტები განახორციელა. დასრულდა ცენტრალური გამანაწილებელი მოწყობილობის №0001 სრული რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოები. ასევე 110კვ ტრანსფორმატორს ქვესადგურში „საბურთლო-2“ და 35კვ ტრანსფორმატორს ქვესადგურში „აეროპორტი“ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.

რაც შეეხება ქსელის გაფართოებას, წელს კომპანიამ 11,6 ათასზე მეტი ახალი აბონენტის მიერთების სამუშაოები ჩაატარა.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად გაიზარდა აბონენტების ენერგომომარაგების საიმედოობა, შემცირდა ელექტროენერგიის დანაკარგების ოდენობა.  2014 წლის 11 თვის მონაცემებით 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქსელში დაფიქსირებული ტექნიკური ინციდენტების რიცხვი 3,5%-ით, ხოლო ელექტროენერგიის დანაკარგების მაჩვენებელი 0,4% შემცირდა.

2014 წლის 11 თვის განმავლობაში კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 15,2 მლნ. კვტ/ს ელექტროენერგია შეისყიდა, რაც 182,4 მლნ. კვტ/ს-ით აღემატება 2013 წლის 11 თვის მაჩვენებელს. აგრეთვე, 2013 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით ამაწლის 11 თვის განმავლობაში მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა 177,4 მლნ. კვტ/ს-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა კომერციული დანაკარგების შემცირებამ განაპირობა.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის რეალიზაციის კუთხითაც. 2014 წლის იანვარ-ნოემბერში ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა  შარშანდელ 11 თვის მაჩვენებელს 21,2 მილიონი ლარით გადააჭარბა.

„თელასის“ ძირითადი ამოცანა ყოველთვის იყო და იქნება თავის მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა - კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურების გაწევა. აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სს „თელასი“ აგრძელებს შარშან დაწყებულ საქმიანობას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში თანამედროვე სტანდარტების ბიზნესცენტრების გახსნასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის მანძილზე სამი განახლებული ბიზნეს ცენტრი გაიხსნა - „მთაწმინდა-კრწანისი“, „ვერა-ვაკე“ და „სამგორი“. დედაქალაქში 10 ბიზნესცენტრი მოქმედებს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბიზნესცენტრებში აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, ოპერატიულად მოაგვარონ ნებისმიერი სახის ტექნიკური პრობლემა.

თბილისის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. კომპანია “თელასი”-ს ინვესტიციები 2015 წელს 21 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერრაო ეეს“–ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს“-ის მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერრაო ეესი“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს“-ის სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.

 „ინტერრაო ეეს“-ის ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33,5 გიგავატს შეადგენს.