"თელასის" გუნდი საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობს

„თელასის“ გუნდი საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობს. ჩემპიონატი 2014 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო და 2015 წლის 20 მაისს დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის ორ ეტაპად ტარდება და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან რვა გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად ხვდება უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

„თელასის“ ფეხბურთელებმა უკვე სამი მატჩი ჩაატარეს და ყველა თამაშში დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. სამი ტურის შედეგების მიხედვით სატურნირო ცხრილში „თელასის“ გუნდი პირველ ადგილს იკავებს.

„თელასის“ გუნდი ფუტზალში უკვე 16 წელია არსებობს. გუნდის შემადგენლობა 4 წლის წინ გადახალისდა, რამაც  მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა განაპირობა. ზედიზედ ორი წლის მანძილზე, 2013-2014 წლებში, „თელასის“ გუნდი ინტერრაო ეეს“-ის მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.