"სინათლის ქალაქის" ენერგომომარაგებას სს "თელასი" განახორციელებს

სს „თელასმა“ და შპს „სინათლის ქალაქმა“ ენერგომომარაგების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.

კონტრაქტის მიხედვით, კომპანია „სინათლის ქალაქის“ ელექროენერგიით მომარაგებას სს „თელასი“ განახორციელებს. შპს „სინათლის ქალაქი“ თბილისის გარე განათებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული კონტრაქტის მეშვეობით „სინათლის ქალაქის“ ენერგომომარაგების საიმედოობა საგრძნობლად გაიზრდება, ხოლო კომპანიის დანახარჯები ელექტროენერგიის შესყიდვაზე  სტაბილური გახდება.

შპს „სინათლის ქალაქი“ ყოველწლიურად 50 მილიონ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს. სს „თელასის“ და შპს „სინათლის ქალაქის“ შორის დადებული ხელშეკრულება 2015 წლის ბოლომდე იმოქმედებს.

ამჟამად ანალოგიური ხელშეკრულების ხელმოსაწერად სს „თელასი“ მოლაპარაკებას შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ აწარმოებს.

 

*** სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

*** ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.