კომპანია "თელასმა" საბურთალოს რაიონის ელექტრომომარაგების საიმედოობა გაზარდა

კომპანია "თელასმა" 35/6-კილოვოლტიან ქვესადგურში "საბურთალო-1" ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორის სამონტაჟე სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით საბურთალოს რაიონის 23 200 აბონენტს უზრუნველყოფს.

ქვესადგურში "საბურთალო-1" მოძველებული 25-მეგავოლტამპერიანი ძალოვანი ტრანსფორმატორი შეიცვალა ახალი, უფრო მძლავრი 32-მეგავოლტამპერიანი თანამედროვე სტანდარტების ტრანსფორმატორით, რომელიც მუშაობის ხანგრძლივობით, საიმედოობით და გადატვირთვების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა.

ბოლო 10 წლის მანძილზე კომპანია "თელასმა" პირველად დაამონტაჟა ასეთი სიმძლავრის ტრანსფორმატორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური და სწრაფად მზარდი რაიონის ელექტროქსელის გაფართოების და განვითარებისთვის. ჩატარებული სამუშაოების შედეგად აგრეთვე საგრძნობლად გაიზრდება მოსახლეობის და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტების - წყალსადენის, მეტროპოლიტენის, ტელევიზიის, საავადმყოფოების, სამრეწველო ობიექტების ენერგომომარაგების საიმედოობა და ხარისხი.

ახალი ტრანსფორმატორის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, "ინტერ რაოს" ცენტრალურ  აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ესწრებოდნენ.

კომპანია „თელასი“ მომავალშიც აპირებს განახორციელოს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ ქსელის მუშაობის ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლებას.

 

*** სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

*** ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.