პირველად საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზების შესაკეთებლად კომპანია "თელასმა" შვეულმფრენი გამოიყენა

პირველად საქართველოში კომპანია „თელასმა“ ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება შვეულმფრენის გამოყენებით  მოახდინა. 

ელექტროგადამცემი ხაზები „მთაწმინდა-1» და „მთაწმინდა-2“ სამ წერტილში იყო დაზიანებული და გადაუდებელ შეკეთებას საჭიროებდა. რელიეფის სირთულის გამო დაზიანების ადგილებამდე სპეცტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა. ამიტომ კომპანია „თელასმა“ ეფექტური მეთოდი გამოიყენა და ხაზების შეკეთება შვეულმფრენის მეშვეობით განახორციელა, რამაც საგრძნობლად შეამცირა სარემონტო სამუშაოების დრო, რომელმაც სულ 5 საათი შეადგინა. სხვა შემთხვევაში აღნიშნული სამუშაოები ორი დღე გაგრძელდებოდა.

ამ უნიკალური ტიპის სამუშაოების ჩასატარებლად „თელასში“ სპეციალური გეგმა შემუშავდა და სპეციალისტებისთვის შესაბამისი ტრენინგები ჩატარდა. დასახული ამოცანა წარმატებით შესრულდა და სარემონტო სამუშაოები დაგეგმილ დროზე საათნახევრით ადრე დასრულდა.  

110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები „მთაწმინდა-1»- და „მთაწმინდა-2“ ელექტროენერგიით თბილისის ცენტრალურ უბნებს ამარაგებს,  კერძოდ მთაწმინდის და ვაკის რაიონებს - სულ 47 300 აბონენტს. 

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.