სს "თელასის" განცხადება

მასმედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების დღეს თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანს ელექტრომომარაგება შეუწყდა.

ამასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ 2014 წლის 15 ივნისს, დღის საათებში სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ადგილი ჰქონდა 5 ავარიულ გამორთვას, აქედან 2 შემთხვევა იყო სხვა ორგანიზაციის მიერ მიწის სამუშაოების წარმოების დროს „თელასის“ კაბელების მექანიკური დაზიანება, რის გამოც ელ. ენერგიის მიწოდება შეუწყდა ისნისა და საბურთალოს რაიონების მცირე ნაწილს. ელ. ენერგიის მიწოდება მომხმარებელზე აღდგენილი იქნა 1 საათიდან 3 საათის განმავლობაში.

ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში განთავსებულ 27-ე საარჩევნო უბანზე ელექტოენერგიის შეწყვეტის მიზეზი შიდა ჩამრთველის გათიშვა იყო. აღნიშნულ უბანზე „თელასის“ ქსელში არანაირი დაზიანება არ ფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე სავარაუდოდ ადგილი ქონდა დაუდგენელი პირის მიერ ელექტროენერგიის ადგილობრივ გათიშვას.

დაზიანების გამო ადგილი ჰქონდა მომხმარებლებისათვის ელ. ენერგიის შეწყვეტის ორ ფაქტს  ნაძალადევისა და ვაკის რაიონების მცირე ნაწილში, სადაც განთავსებულია 11-ე, 12-ე და 50-ე საარჩევნო უბნები. აღდგენითი სამუშაოების და სარეზერვო კვების საშუალებით ელ. ენერგია მიწოდებული იქნა ნაძალადევის რაიონში ავარიიდან 20 წუთში და ვაკის რაიონში - 30 წუთში.

რთულ დაზიანებას ჰქონდა ადგილი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, სადაც განთავსებულია ისნის რაიონის 35-ე საარჩევნო უბანი. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე ავარიის აღმოფხვრა შეუძლებელი იყო მოკლე დროში, რის გამოც კომპანიამ საარჩევნო უბანი დიზელგენერატორით ოპერატიულად  უზრუნველყო.