"თელასი" - საპატიო სპონსორი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე"

„თელასი“ ტრადიციულად აგრძელებს  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” მხარდაჭერას.

რვა წლის განმავლობაში “თელასი” ფესტივალის საპატიო სპონსორია, რომლის მიზანს ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზაცია და საზოგადოების, განსაკუთრებით მომავალი თაობის, სულიერ–კულტურული დონის ამაღლება წარმოადგენს.

 „ჩვენი კომპანიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი აქტუალური და კეთილი პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყნის კულტურული ტრადიციების აღორძინებას და შენარჩუნებას ემსახურება. მინდა გამოვხატო მადლიერება ფესტივალის ორგანიზატორებისადმი და დავარწმუნო ისინი, რომ „თელასი“ ყოველთვის დიდი სიამოვნებით მიიღებს აქტიურ  მონაწილეობას  ფესტივალის ორგანიზებაში“ - განაცხადა კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ოფისში გაიმართა.

„პრაქტიკულად ფესტივალის დაარსების დღიდან კომპანია „თელასი“ ყოველთვის  მხარში გვედგა. სწორედ ამგვარმა ერთგულებამ და მუდმივმა მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ ფესტივალი ფეხზე დადგა და ჩამოყალიბდა როგორც წარმატებული მუსიკალური პროექტი“ - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის გენერალურმა მენეჯერმა ლაშა ჟვანიამ.

მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე” წელს 25 აპრილიდან 30 მაისის  ჩათვლით  გაიმართება. ფესტივალის პროგრამა წარმოდგენილია ძირითადად კლასიკური მუსიკით. ფესტივალის ფარგლებში შესრულდება მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების შედევრები და გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოეთში აღიარებული ვარსკვლავები, ასევე საზღვარგარეთ და საქართველოში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსები.

წელს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია აშშ–ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი და პედაგოგი ალექსანდრე კორსანტია.

კულტურის მოღვაწეთა გამოსვლები თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. სამ კონცერტს საქართველოს რეგიონები – ყვარელი (კახეთი), ვანი (იმერეთი) და ბათუმი (აჭარა) უმასპინძლებენ. 

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა აკაკი რამიშვილის ფონდ “ტრადიცია და ინოვაციასთან” ერთად 2006 წელს დაარსა და მას შემდეგ ის ყოველწლიურად ტარდება.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.