კომპანია "თელასის" ინვესტიციები 2019 წელს 36,6 მილიონ ლარს შეადგენს

კომპანია „თელასმა“ წლის შედეგები შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია და კომპანია “თელასის” 2019 წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში 27 დეკემბერს გაიმართა.

2019 წელს “თელასის” მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 36,6 მილიონ ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 10,7 მლნ. ლარი გათვალისწინებულია ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის პროექტების განსახორციელებლად, ხოლო 25,9 მლნ. ლარი - ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებისთვის.

წელს კომპანია „თელასმა“ ელექტროქსელის პროფილაქტიკური, ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოები ჩაატარა. პროფილაქტიკური სამუშაოები 623 სატრანსფორმატორო ქვესადგურში და ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტში ჩატარდა; 115 სატრანსფორმატორო ქვესადგურში შეიცვალა მოძველებული დანადგარები; გარემონტდა 29 ძალოვანი ტრანსფორმატორი.

გაყვანილია 10/6/0,4კვ 32,2 კილომეტრი ახალი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი და 100 კილომეტრზე მეტი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი.

წლის განმავლობაში რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოები ჩატარდა მაღალი ძაბვის ქვესადგურებში „დიღომი-1“, „საბურთალო-3“ და საჰაერო გადამცემ ხაზებზე „საბურთალო-1-2-3-4“, „მახათა“.

მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში სს „თელასმა“ 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ საკაბელო ხაზებით შეცვლის პროექტი დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ქვესადგურიდან „საბურთალო-1“ ცინცაძის, ტაშკენტის, დავითაშვილის და წულუკიძის ქუჩების გავლით მოეწყო ახალი საკაბელო ხაზი,  განხორციელდა არსებული საჰაერო ხაზების და 15 ანძის დემონტაჟი. ახალი საკაბელო ხაზის სიგრძე 2,9 კმ შეადგენს.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით გაფართოვდა რამდენიმე ქუჩის სავალი ნაწილი, გაუმჯობესდა ქალაქის იერსახე და გაიზარდა საბურთალოს რაიონის 25 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა.

ასევე განხორციელდა პროექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ელექტრომომარაგების საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით. პროექტის ფარგლებში მაღალი ძაბვის ქვესადგურიდან „ნავთლუღი-220“ ქვესადგურამდე „აეროპორტი“ სს „თელასმა“ ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა ახალი 35 კვ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი. აღნიშნული საკაბელო ხაზის სიგრძე 8,3 კმ შეადგენს. ქვესადგურში „აეროპორტი“ დამონტაჟდა დენის და ძაბვის ტრანსფორმატორები, ახალი ვაკუუმური ამომრთველები და თანამედროვე ტიპის გამთიშველები.

2019 წლის 11 თვის მონაცემებით 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქსელში დაფიქსირებული ტექნიკური ინციდენტების რაოდენობა 5,4%-ით შემცირდა.

2019 წლის 11 თვის განმავლობაში კომპანია „თელასმა“ 2,6 მილიარდ კვტ/სთ მეტი ელექტროენერგია შეისყიდა. ამავე პერიოდში მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობამ დაახლოებით 2,5 მილიარდ კვტ*სთ-ი შეადგინა.

წელს სს „თელასმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა. კომპანია გახდა საუკეთესო ნომინაციაში მსხვილი არაფინასური ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში არიან დაშვებული. ეს ჯილდო საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმოებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების წარმდგენ კომპანიებს გადაეცემათ.

სს „თელასის“ მუშაობის პრიორიტეტი მომავალშიც იქნება კომპანიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა მშენებლობის, ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზების პროგრამების რეალიზაციის მეშვეობით, ასევე მომხმარებლების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება დამატებითი სერვისების განვითარებით.

2020 წელს კომპანია “თელასი” 40 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.