თბილისის აეროპორტის სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად სს "თელასმა" ახალი საკაბელო ხაზი ექსპლუატაციაში გაუშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით სს „თელასმა“ ახალი 35 კვ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაში გაუშვა.

საკაბელო ხაზის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე დავით ნარმანია, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს მმართველთა საბჭოს თავჯდომარე უჩა უჩანეიშვილი და სს „თელასი“-ს გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, მაღალი ძაბვის ქვესადგურიდან „ნავთლუღი-220“ ქვესადგურამდე „აეროპორტი“ მოეწყო 8,3 კილომეტრიანი ახალი საკაბელო ხაზი. ასევე, ქვესადგურში „აეროპორტი“ დამონტაჟდა დენის და ძაბვის ტრანსფორმატორები, ახალი ვაკუუმური ამომრთველები და თანამედროვე ტიპის გამთიშველები.

პროექტის განხორციელება სს „თელასმა“ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს №66/18 გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო. საპროექტო სამუშაოები 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილამდე გაგრძელდა. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები კი 2019 წლის აპრილში დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრულდა, ხოლო დეკემბერში საკაბელო ხაზი ქვესადგურს „ნავთლუღი-220“ მიუერთდა.

„ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარების შედეგად, საგრძნობლად გაიზრდება ენერგომომარაგების საიმედოობა ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის, როგორიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. სს „თელასი“ მომავალშიც განაგრძობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია დედაქალაქის ელექტროქსელის მუშაობის ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლებაზე“ - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა. 

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. www.telasi.ge 
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება. www.interrao.ru