კომპანია "თელასს" საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო გადაეცა

სს „თელასს“, ნომინაციაში მსხვილი არაფინასური ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში არიან დაშვებული, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო გადაეცა. ეს ჯილდო საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმოებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების წარმდგენ კომპანიებს გადაეცემათ.

საფონდო ბირჟის პროექტი „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას ფინანსური და მმართველობის (არაფინანსური) ანგარიშგების გაუმჯობესების გზით. კონკურსი სამ ნომინაციაში გაიმართა: ფინანსური ორგანიზაციები;  მსხვილი არაფინანსური ორგანიზაციები (500-ზე მეტი თანამშრომლით); მცირე არაფინანსური ორგანიზაციები (500-მდე თანამშრომლით). დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის თანამშრომლობით, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ.

„სს „თელასის“ საქმიანობა ყოველთვის იყო და იქნება მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე აქციონერთათვის, ინვესტორებისათვის, ბიზნეს-პარტნიორებისა და საზოგადოებისათვის და ასევე მიმართული კომპანიის საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებაზე, მართვის სისტემების სრულყოფაზე, თანამედროვე მაღალეფექტური  ტექნოლოგიების დანერგვაზე, მომხმარებელთა მაღალი სტანდარტით მომსახურებაზე“ - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. www.telasi.ge 
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება. www.interrao.ru