სს "თელასი" ტაშკენტის და მიმდებარე ქუჩებზე საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებს საკაბელოთი ცვლის

თბილისის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით სს „თელასი“ 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ საკაბელო ხაზებით შეცვლის პროექტს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე, “ინტერ რაო”-ს ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი, სს „თელასი“-ს გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი და მასმედიის წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტის მიხედვით, ქვესადგურიდან „საბურთალო-1“ ცინცაძის, ტაშკენტის, დავითაშვილის და წულუკიძის ქუჩების გავლით ეწყობა ახალი საკაბელო ხაზი და ხორციელდება არსებული საჰაერო ხაზების და მათი ანძების დემონტაჟი.

ახალი საკაბელო ხაზის სიგრძე 2,9 კმ შეადგენს. პროექტის განხორციელება სს „თელასმა“ მიმდინარე წელს დაიწყო და ნოემბრის თვეში დაასრულებს.

საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ ექსპლუატაციაში 50 წელზე მეტი ხნის წინ შევიდა. აღნიშნული ხაზები საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და ეზოებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და მაგისტრალებზე გადიოდა, რაც ტექნიკური უსაფრთხოების თანამედროვე წესებს და ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. მოძველებული საჰაერო ხაზები ამახინჯებდენ დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონის იერსახეს და საგრძნობლად აფერხებდნენ ავტომობილების მოძრაობას ისედაც საკმაოდ დატვირთულ  ქუჩებზე.

ახალი საკაბელო ხაზი საბურთალოს რაიონის 25 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხსა და საიმედოობას გააუმჯობესებს.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. www.telasi.ge 
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება. www.interrao.ru