კომპანია "თელასი" შემოდგომა-ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

კომპანია „თელასი“ 2019-2020 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება. „ინტერ რაო“-ს სპეციალურმა კომისიამ სს „თელასის“ საწარმოო აქტივების შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნა შეამოწმა და კომპანიას შესაბამისი პასპორტი გადასცა.  

შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადებას კომპანია „თელასი“ ყოველწლიურად გაზაფხულზე იწყებს. სს „თელასის“ გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე იქმნება კომისია, რომელიც  შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

2019-2020 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში, პროფილაქტიკური სამუშაოები 623 სატრანსფორმატორო ქვესადგურში და ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტში ჩაატარა; 115 სატრანსფორმატორო ქვესადგურში შეიცვალა მოძველებული დანადგარები; გარემონტდა 29 ძალოვანი ტრანსფორმატორი. გაყვანილია 10/6/0,4კვ 32,2 კილომეტრი ახალი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი და 100,1 კილომეტრი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი.

ამასთანავე, კომპანია „თელასი“ და მისი ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი აღჭურვილობით და მასალებით ნებისმიერი ტექნიკური ინციდენტის აღმოსაფხვრელად ან მინიმუმამდე შესამცირებლად.

ასევე, ჩატარდა ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების, ყველა სატრანსპორტო საშუალების და სპეცტექნიკის სარემონტო სამუშაოები.

მზადყოფნაში მოყვანილია სარელეო დაცვის და ავტომატიკის სქემები, კავშირის საშუალებები, დისპეტჩერული მართვის და გარანტირებული ელექტრო კვების სისტემები.

„აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის“ -  განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.