საქართველოს ჩემპიონის წარმატება ევროტურნირზე

"თელასი"-ს გუნდმა ფუტსალში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პრელიმინარების რაუნდის ყველა მატჩი მოიგო და შერჩევით მატჩებში (მეინ რაუნდებში) თამაშის უფლება მოიპოვა.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პრელიმინარებმა სტარტი 27 აგვისტოს აიღო და 1 სექტემბერს დასრულდა. თამაშები ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართა. "თელასი"-ს გუნდი, რომელიც ევროტურნირზე "ჯორჯიანს"-ის სახელით ასპარეზობს, წილისყრის შედეგად H ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ისრაელის "მაქაბი" და ბულგარული "ვარნა სიტი"  გახდნენ.

თავისი პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე "თელასი"-ს გუნდმა ისრაელის "მაქაბთან" ითამაშა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 8:0 სძლია. მეორე მატჩი ქართველმა "ენერგეტიკოსებმა" მასპინძელ "ვარნა სიტის" მოუგეს ანგარიშით 4:3 და საერთო ჯამში 6 ქულის დაგროვებით H ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპი 8-13 ოქტომბერს შვედეთის ქალაქ უდევალაში გაიმართება.

სს "თელასი"-ს გუნდი საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2018-2019 სეზონის ჩემპიონია. "თელასი"-ს ფეხბურთელები ჩემპიონატის გამარჯვებულები უკვე მესამედ გახდნენ და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. საქართველოს ჩემპიონის ტიტული "თელასი"-ს გუნდმა ფუტსალის ლიგის  2015-2016 და 2016-2017 წლების საზონებშიც მოიპოვა.