სს "თელასს" სპეციალური ჯილდო "სოლიდარული და საიმედო პარტნიორი" გადაეცა

სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირმა (ინვალიდთა ასოციაციამ) სს "თელასს" სპეციალური ჯილდო "სოლიდარული და საიმედო პარტნიორი" გადასცა.

დაჯილდოვების ცერემონია სასტუმრო "ტიფლის პალასში" გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იქნა ღვთისშვილთა კავშირის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში სახელწოდებით "ჩვენ შეგვიძლია".

ღონისძიების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების პირების მიერ  შექმნილი საახალწლო აქსესუარების, თექის, ხის, ქვისა და დეკუპაჟის ტექნოლოგიით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომლებიც დამზადდა სს "თელასის" ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ სოციალურ სასწავლო საწარმოში "ჩინარი".

2016 წელს "თელასის" დახმარებით ასოციაციამ ასევე ჩამოაყალიბა "სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრი", სადაც ამოქმედდა შრომითი თერაპიის კაბინეტი და შემოქმედებითი სახელოსნო.

სოციალური სასწავლო საწარმოს და „სასწავლო-შემოქმედებით ცენტრის“ შექმნაში დახმარების გარდა კომპანია „თელასი“ ღვთისშვილთა კავშირის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ფარავს და სახელოსნოებისთვის საჭირო მასალების შესყიდვას აფინანსებს.

"სააქციო საზოგადოება "თელასის" მხარდაჭერით ჩვენ შევძელით შეგვექმნა სოციალური სასწავლო საწარმო, რაც ამავდროულად იქნება უნარების ლაბორატორია ინტეგრირებული ჯგუფებისთვის. საწარმო ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ეს არის სოციალური სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი" - განაცხადა ღვთისშვილთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძემ.

"ჩემთვის დიდი პატივია ამგვარი ჯილდოს მიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია "თელასმა" თავისი პატარა წვლილი შეიტანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის საქმეში. ვეცდებით შემდგომშიც გავუწიოთ დახმარება ასოციაციას და დავუდგეთ გვერდში სხვადასხვა წამოწყებაში" - განაცხადა სს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

ჯილდო "სოლიდარული მედია" ასევე გადაეცა საზოგადოებრივი რადიოს "რადიო პირველი არხის" გადაცემას "ღია სტუდია" და რადიო "იმედის" გადაცემას "დილის სამინისტრო".

მადლობის სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ მოხალისეებსა და სტაჟიორებს, რომლებმაც "პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღვთისშვილთა კავშირში სტაჟირება წარმატებით გაიარეს. 

 

***
სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (ინვალიდთა ასოციაცია) დაფუძნდა თბილისში 1989 წლის 26 სექტემბერს, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის (I ჯგუფის ინვალიდის) ზაზა სიხარულიძის ინიციატივით. ეს იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში. ასოციაციის შექმნით საფუძველი ჩაეყარა ინვალიდთა მოძრაობას საქართველოში. ორგანიზაციის ფინანსური სახსრები შედგება საწევრო ანარიცხებისგან, შემოწირულობებისა და გრანტებისგან.
***
სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.