სს "თელასმა" ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის №3010 რეკონსტრუქციის სამუშაოები დაასრულა

კომპანია "თელასმა" ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის (ცგპ) №3010 სრული რეკონსტრუქციის სამუშაოები დაასრულა.

განახლებული გამანაწილებელი პუნქტი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და სს "თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ მოინახულეს.

ცგპ-ს რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში 33 მოძველებული უჯრედი ზეთიანი ამომრთველებით შეიცვალა "სიმენსის" ფირმის წარმოების უჯრედებით, რომლებიც აღჭურვილია ვაკუუმური ამომრთველებით. დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ციფრული დაცვები, ჩატარდა შენობის კაპიტალური რემონტი, მოეწყო წყალშემკრები სისტემა.  

სს "თელასის" საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ცგპ-ს რეკონსტრუქციის პროექტზე დახარჯულმა თანხამ 590 000 ლარი შეადგინა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდა საბურთალოს რაიონის მომხმარებლების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა და ხარისხი.

კომპანია "თელასი" მომავალშიც აპირებს განახორციელოს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ ქსელის მუშაობის ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლებას.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.