სს "თელასის" გენერალური დირექტორი "სოციალური სოლიდარობის ორდენით" დაჯილდოვდა

სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის (ინვალიდთა ასოციაციის) საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის სს "თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი "სოციალური სოლიდარობის ორდენით" დაჯილდოვდა.

დაჯილდოვების ცერემონია სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იქნა ღვთისშვილთა კავშირის „სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრის“ საქმიანობა, რომელიც სს „თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

"სასწავლო-შემოქმედებით ცენტრში" ამოქმედდა შრომითი თერაპიის კაბინეტი და შემოქმედებითი სახელოსნო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების პირები ქმნიან ნახატებს, სამკაულებს, აპლიკაციებს, საახალწლო აქსესუარებს, თიხის ნაკეთობებს, თექის პანოებს და შარფებს. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში ამ ნამუშავრების გამოფენაც გაიმართა.

"სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრის" შექმნაში დახმარების გარდა კომპანია "თელასი" ღვთისშვილთა კავშირის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ფარავს და სახელოსნოებისთვის საჭირო მასალების შესყიდვას აფინანსებს.

"ბატონი სერგეი კობცევისთვის "სოციალური სოლიდარობის ორდენი"-ს გადაცემით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება მთელი კომპანიის მიმართ. ამ ორდენით ჯილდოვდებიან  პირები, ან ორგანიზაციები, რომლებმაც განსაკუთრებული პიროვნული,  ან ორგანიზაციული წვლილი შეიტანეს სოციალური სოლიდარობის მიმართულების განვითარებაში. ორდენი  დაარსებულია ღვთისშვილთა კავშირის მიერ 2016 წელს და დაჯილდოება პირველად ხდება" - განაცხადა ღვთისშვილთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძემ.

"ჩემთვის დიდი პატივია ამ ორდენით დაჯილდოვება. ეს იმის ნიშანია, რომ კომპანია "თელასმა" თავის პატარა წვლილი შეიტანა შეზღუდული შესაძლებლობების პირების სოციალური ადაპტაციის საქმეში. მოხარული ვარ, რომ მივიღეთ  მონაწილეობა ამ პროექტში და ვეცდებით შემდგომშიც გავუწიოთ დახმარება ასოციაციას" - განაცხადა სს "თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

 

*** სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (ინვალიდთა ასოციაცია) დაფუძნდა თბილისში 1989 წლის 26 სექტემბერს, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის (I ჯგუფის ინვალიდის) ზაზა სიხარულიძის ინიციატივით. ეს იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში. ასოციაციის შექმნით საფუძველი ჩაეყარა ინვალიდთა მოძრაობას საქართველოში. ორგანიზაციის ფინანსური სახსრები შედგება საწევრო ანარიცხებისგან, შემოწირულობებისა და გრანტებისგან.

*** სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.