სს „თელასი“ კერძო ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ელექტროქსელის კომპანიის საკუთრებაში გადმოცემას ითხოვს

აბონენტების ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის ამაღლების მიზნით სს „თელასი“ ითხოვს საკუთრებაში გადმოეცეს ელექტროქსელი, რომელიც კერძო ორგანიზაციების მფლობელობაშია. 

ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის კომპანიას მუშაობაში, არის სხადასხვა ორგანიზაციების კუთვნილი ელექტროქსელი, რომელთა საქმიანობის პროფილი არანაირად არ ითვალისწინებს ქსელის რემონტის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების განხორციელებას.

აღნიშნული ქსელი ხშირად გამოდის მწყობრიდან, რაც იწვევს მომხმარებელთა სრულიად სამართლიან გულისწყრომას. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბონენტი ითხოვს ავარიის აღმოფხვრას, მაგრამ სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური ვერ ასრულებს სამუშაოებს, ვინაიდან ტრანსფორმატორი თუ კაბელი არ არის კომპანიის საკუთრება. ამჟამად თბილისში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების და თანმხლები საკაბელო მიურნეობის დაახლოებით 46%  „თელასს“ არ ეკუთვნის.

ტექნიკური მომსახურების პრობლემების გარდა, ამ ობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაციის პრობლემაც არსებობს. უმეტეს შემთხვევაში არაპროფილური ორგანიზაციები სათანადო დონეზე ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც საკაბელო ხაზები ჩადებულია უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით, სატრანსფორმატორო ჯიხურები კი ღია მდგომარეობაშია დატოვებული და იქ სრულიად თავისუფლად შეიძლება შეაღწიონ ბავშვებმა.

აქედან გამომდინარე, თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია მიმართავს კერძო ორგანიზაციებს აღნიშნული აქტივების სს „თელასის“ საკუთრებაში გადმოცემის თხოვნით, რათა კომპანიამ შეძლოს ქსელის დროული და კვალიფიციური მომსახურების განხორციელება. 

 

*** სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

*** ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.