სს "თელასის" განცხადება

ბოლო პერიოდში გარკვეული სამუშაოების შესრულების დროს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ სს „თელასის“ კაბელების დაზიანების შემთხვევები გახშირდა, რაც იწვევს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.

16 ივლისს მიწის სამუშაოების შესრულების დროს შპს „ჰორიზონტმა“ მექანიკურად დააზიანა სს „თელასი“-ს მაღალი ძაბვის კაბელები. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდა საბურთალოს რაიონის 9 322 აბონენტს, რომელთა ელექტრომომარაგება ქვესადგურიდან „საბურთალო-3“ ხორციელდება.

მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 30 წუთში აღუდგა სარეზერვო ხაზების საშუალებით. დანარჩენი აბონენტების ელექტრომომარაგება 2 საათში აღდგა.

სს „თელასი“-ს ტექნიკური სამსახური პარალელურად აწარმოებდა ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და ამჟამად ყველა კაბელი აღდგენილია.

ამავე დღეს გარე ორგანიზაციების მიერ სს „თელასის“ კაბელების მექანიკური დაზიანების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდა კრწანისის რაიონის 630 აბონენტს (ქვესადგური „ორთაჭალა ჰესი“) და საბურთალოს რაიონის 2 ათასზე მეტ აბონენტს (ქვესადგური „პლატო ნუცუბიძე“).

მიუხედავად იმისა, რომ „თელასის“ ტექნიკური სამსახური ყოველთვის ცდილობს ოპერატიულად ჩაატაროს აღდგენითი სამუშოები, ხშირ შემთხვევაში ავარიის ლიკვიდაციისთვის საჭიროა გარკვეული დრო, რაც იწვევს მომხმარებელთა სრულიად სამართლიან უკმაყოფილებას.

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად კომპანია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველა შესაბამის ორგანიზაციას თხოვნით ჩაატარონ სამუშაოები „თელასთან“ წინასწარი შეთანხმებით.