სს "თელასმა" და ფონდმა "ლაზარემ" სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიების პროექტი განახორციელა

სს "თელასის" ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა "ლაზარემ" სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიების პროექტი განახორციელა.

პროექტის მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდღიანი ექსკურსიების მოწყობა, ისტორიული ძეგლებისა და სახლ-მუზეუმების მონახულება, რითაც სკოლის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში აემაღლებინათ ცოდნა და  განევითარებინათ უნარ-ჩვევები. 2015 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პროექტში 150 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ამსახველი ფოტოგამოფენა სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართა.

"ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ახალგაზრდა თაობის განათლების დონის და სულიერების ამაღლება. ეს პროექტი არ არის პირველი, რომელსაც "თელასი" და ფონდი "ლაზარე" ერთობლივად ახორციელებენ. 2010 წლიდან კომპანია "თელასი" განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღჭურვის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას" - განაცხადა სს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

 

*** საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი “ლაზარე” 1994 წლის 1 აპრილს დაარსდა. საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი ადგილობრივი და უცხოელი დონორების შემოწირულობებით ახორციელებს.
*** სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.