"თელასის" მხარდაჭერით მოზარდთა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

სს “თელასი” განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღჭურვის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი `ლაზარე~ ახორციელებს.

დღეს პროექტის ფარგლებში სს „თელასის“ დაფინანსებით სახელოსნოების მოსწავლეთა ნაკეთობების ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში იმართება, წარმოდგენილია ფერადი ლითონებისგან და მინანქრისგან დამზადებული სამკაულები, ხის ნაკეთობები, სამკერვალო ნაწარმი, გობელენები და თექისგან დამზადებული ნივთები.

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა სს „თელასმა“ 2010 წელს დაიწყო. ამ წლების მანძილზე „თელასის“ დახმარებით მოეწყო და სათანადოდ აღიჭურვა ახალი სახელოსნოები - ხის და ლითონის დამუშავების ტექნოლოგიების, კერვის და სახვითი ხელოვნების შესასწავლად.

წარმატებულ მოზარდთა ჯგუფებისთვის ტარდება ბიზნეს კურსები, რათა ახალგაზრდებმა საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძონ. ამ კატეგორიის მოზარდების პრობლემებით საზოგადოების დაინტერესების მიზნით, ფონდი რეგულარულად აწყობს მათი ნამუშავრების გამოფენა-გაყიდვებს, ამზადებს სატელევიზიო გადაცემებს, რაც ბავშვებს სპეციალობის უკეთ დაუფლების სტიმულს აძლევს.

 

***საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი “ლაზარე” 1994 წლის 1 აპრილს დაარსდა. საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი ადგილობრივი და უცხოელი დონორების შემოწირულობებით ახორციელებს.

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.