სს "თელასის" 2015 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2015 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2015  წ.

9 თვე

2014წ.

9 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

4 774

4 519

+5,6%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ.კვტ*სთ

1 780,2

1 640,8

+8,5%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას.

553,9

536,7

+3,2%

2015 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანია „თელასმა“ 1 მილიარდ 780,2 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 8,5% (139,4 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2014 წლის ცხრა თვის მოხმარების მოცულობას (1 მილიარდ 640,8 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.   

2014 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2015 წლის იგივე პერიოდში 8,8%-ით (137,3 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 მილიარდ 689,3 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ და დანაკარგების  შემცირებამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2015 წლის ცხრა თვეში 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3,2%-ით (17,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 553,9 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 501,7 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 52,2 ათასი – იურიდიური პირი.  

2015 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 774 კმ შეადგინა, რაც 5,6%-ით (255 კმ-ით) აღემატება 2014 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 519 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.