
კომპანია „თელასმა“ ელქტროენერგიის აღრიცხვის კვანძებიდან ზუსტი და ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგა.
მიმდინარე წლის დეკემბერში ბიზნეს ცენტრში „ისანი“, რომელიც 55 ათას აბონენტს ემსახურება, მობილური მოწყობილობების მეშვეობით მონაცემთა აღების და ინფორმაციის ბილინგის ბაზაში გადაცემის სისტემა დაინერგა.
„თელასის“ თანამშრომელი მრიცხველის ჩვენების წაკითხვას პლანშეტის მეშვეობით ახორციელებს და გადასცემს ინფორმაციას კომპანიის ცენტრალურ სერვერზე - ბილინგის მონაცემთა ბაზაში. პლანშეტების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ინფორმაციის გადაცემის დროს და პრაქტიკულად გამორიცხავს მცდარი ჩვენების დაფიქსირების ალბათობას.
„მობილური მოწყობილობების მეშვეობით მონაცემთა აღების და ინფორმაციის ბილინგის ბაზაში გადაცემის სისტემის დანერგვის პილოტური პროექტის განხორციელება ბიზნეს ცენტრში „ისანი“ მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყო. პროექტმა გაამართლა და მომავალი წლიდან აღნიშნული სისტემა „თელასის“ ყველა ბიზნეს ცენტრში დაინერგება“ - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.