წყნეთში სს "თელასმა" აბონენტთა მომსახურების ახალი ოფისი გახსნა

აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სს "თელასი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში თანამედროვე სტანდარტების ბიზნესცენტრებს ხსნის. დღეს წყნეთში სს "თელასის" ბიზნესცენტრი "ვერა-ვაკეს" ფილიალის ახალი ოფისი გაიხსნა.

ოფისის გახსნას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, "ინტერ რაოს" ცენტრალურ  აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და სს ,,თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ესწრებოდნენ.

ფილიალი წყნეთში, რომელიც მდებარეობს დავით აღმაშენებლის ქ.№4,  წყნეთის და ახალდაბის 6 000 აბონენტს  ემსახურება.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ბიზნესცენტრების და მათი ფილიალების გახსნის მიზანია მომხმარებლებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, როგორც ოფისების დიზაინის,  ასევე მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ბიზნესცენტრებში და მათ ფილიალებში აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. წყნეთის ფილიალის შენობაში, ისევე როგორც კომპანიის ყველა ბიზნესცენტრში, განთავსებულია საექსპლუატაციო სამსახური, რომელიც ოპერატიულად ახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის ტექნიკურ პრობლემაზე.

ამ დროისათვის დედაქალაქში 10 ბიზნესცენტრი მოქმედებს: "ვერა-ვაკე", "საბურთალო", "მთაწმინდა-კრწანისი", "დიდუბე-ჩუღურეთი", "გლდანი", "ისანი", "დიღომი", "სამგორი", "ვარკეთილი" და "ნაძალადევი".

       

***სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. "ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.