„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ენერგომომარაგებას სს „თელასი“ უზრუნველყოფს

სს „თელასმა“ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ენერგომომარაგების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.

კონტრაქტის მიხედვით, თბილისის მეტროპოლიტენის მფლობელი კომპანიის ელექროენერგიით მომარაგებას დეკემბრიდან სს „თელასი“ უზრუნველყოფს.

აღნიშნული კონტრაქტის მეშვეობით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ენერგომომარაგების საიმედოობა საგრძნობლად გაიზრდება, ხოლო დანახარჯები ელექტროენერგიის შესყიდვაზე  სტაბილური გახდება.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ყოველწლიურად 65 მილიონ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს. სს „თელასის“ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შორის დადებული ხელშეკრულება 2015 წლის ბოლომდე იმოქმედებს.

ანალოგიური ხელშეკრულება სს „თელასმა“ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში შპს „სინათლის ქალაქთან“ გააფორმა. კომპანია „სინათლის ქალაქი“ თბილისის გარე განათებას უზრუნველყოფს.

*** სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

*** ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.