კომპანია „თელასის“ განცხადება

გლდანის ასფალტის ქარხნის საკუთრებაში არსებული ელექტროკაბელის დაზიანების გამო 1 დეკემბერს 19 საათსა და 45 წუთზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა გლდანის რაიონის 331 აბონენტს - ჭედიას, შუშის, ლაზოს, წყალსადენის, სარაჯიშვილის და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

იმის მიუხედავად, რომ დაზიანებული ელექტროკაბელი არ არის სს „თელასის“ ბალანსზე, კომპანიამ გაითვალისწინა აბონენტების ინტერესები და ოპერატიულად შეაკეთა დაზიანებული კაბელი, რადგან არაერთი მიმართვის მიუხედავად ქსელის მესაკუთრემ უარი განაცხადა აღდგენითი სამუშაოების დროულად ჩატარებაზე. აბონენტების ენერგომომარაგება 2 დეკემბრის ღამის 1 საათსა და 35 წუთზე აღდგა.

აღსანიშნავია რომ, სს „თელასის“ მუშაობის ერთ-ერთ ხელშემშლელ მიზეზს წარმოადგენს ელექტროქსელი, რომელიც სხადასხვა ორგანიზაციების საკუთრებაშია. ამ ორგანიზაციების საქმიანობის პროფილი არანაირად არ ითვალისწინებს ქსელის რემონტის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების განხორციელებას. აღნიშნული ქსელი ხშირად გამოდის მწყობრიდან, რაც იწვევს მომხმარებელთა სრულიად სამართლიან გულისწყრომას.

ხშირია შემთხვევები, როდესაც აბონენტი ითხოვს ავარიის აღმოფხვრას, მაგრამ სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური ვერ ასრულებს სამუშაოებს, ვინაიდან ტრანსფორმატორი თუ კაბელი არ არის კომპანიის საკუთრება. ამის გარდა არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, რაც უბრალოდ საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის. ამჟამად თბილისში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების დაახლოებით 46%  „თელასს“ არ ეკუთვნის.

სს „თელასის“ კიდევ ერთხელ მიმართავს ამ ორგანიზაციებს აღნიშნული აქტივები კომპანიის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით, რათა შეძლოს ქსელის კვალიფიცირებული მომსახურების უზრუნველყოფა.