"თელასის" მხარდაჭერით მოზარდთა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

"თელასი" განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღჭურვის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე"  ახორციელებს.

დღეს პროექტის ფარგლებში სს "თელასის" დაფინანსებით სახელოსნოების მოსწავლეთა ნაკეთობების ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში იმართება, წარმოდგენილია ფერადი ლითონებისგან დამზადებული სამკაულები, ხის ნაკეთობები, სამკერვალო ნაწარმი, გობელენები და თექისგან დამზადებული ნივთები.

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა სს "თელასმა" 2010 წლის თებერვლიდან დაიწყო. სამი წლის მანძილზე "თელასის" დახმარებით მოეწყო და სათანადოდ აღიჭურვა 5 ახალი სახელოსნო - ხის და ლითონის დამუშავების ტექნოლოგიების, კერვის და სახვითი ხელოვნების შესასწავლად.

სახელოსნოების და სახელობო პროფილების რიცხვის გასაზრდელად სს "თელასის" დაფინანსებით ფონდმა "ლაზარე" 2013 წლის ბოლოს ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს როგორც უკვე არსებული სახელოსნოების მხარდაჭერას, ასევე ახალი სასწავლო სახელოსნოების მოწყობას საჯარო სკოლების ბაზაზე. 2014 წელს სამი ახალი პროფილის სახელოსნოები გაიხსნა: ქარგვის, ფარდაგის ქსოვის, თექის და დეკორატიული ხელოვნების შესასწავლად. ამ სპეციალობებთან ერთად პროექტი ითვალისწინებს მოზარდებისთვის ქართული-ხალხური სიმღერებისა და საგალობლების სწავლებას.

წარმატებულ მოზარდთა ჯგუფებისთვის ტარდება ბიზნეს კურსები, რათა ახალგაზრდებმა საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძონ. ამ კატეგორიის მოზარდების პრობლემებით საზოგადოების დაინტერესების მიზნით, ფონდი რეგულარულად აწყობს მათი ნამუშავრების გამოფენა-გაყიდვებს, ამზადებს სატელევიზიო გადაცემებს, რაც ბავშვებს სპეციალობის უკეთ დაუფლების სტიმულს აძლევს.

"უკვე რამდენიმე წელია, რაც კომპანია "თელასი" მხარს უჭერს ამ პროექტს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მოზარდებს დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას და ხელობას. სამომავლოდ ეს მათ დაეხმარება თვითრეალიზაციაში"- განაცხადა სს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

 

***საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი “ლაზარე” 1994 წლის 1 აპრილს დაარსდა. საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი ადგილობრივი და უცხოელი დონორების შემოწირულობებით ახორციელებს.

*** სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.