კომპანია „თელასი“ მომხმარებელს ახალ ვებ-გვერდს სთავაზობს

კომპანია „თელასი“ მომხმარებლებს ახალ ვებ-გვერდს სთავაზობს - www.telasi.ge,  რომელიც შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიურ და დიზაინ-პლათფორმის ბაზაზე.

ახალი სამენოვანი ვებ-გვერდის სტრუქტურა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მარტივად მიიღოს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტზე და მისი მომსახურების შესახებ: კომპანიის მუშაობის, ისტორიის, ხელმძღვანელობის, დედაქალაქის ელექტრომომარაგების, ტარიფების, ტენდერების და კონკურსების გამოცხადების, ვაკანსიების, სოციალური და საქველმოქმედო პროგრამების შესახებ. ასევე ვებ-გვერდზე განთავსებულია „თელასის“ სათაო ოფისის და ბიზნეს ცენტრების ადგილმდებარეობის მაჩვენებელი ინტერაქტიული რუკა.

ვებ-გვერდიდან მომხმარებელს შეუძლია გამოიწეროს ისეთი სახის ინფორმაცია როგორიცაა: „კომპანიის ახალი ამბები“, „ელექტროენერგიის შეზღუდვები“, “გამოცხადებული ტენდერები და კონკურსები„. მომხმარებელი ამატებს თავის ელექტრონულ მისამართს შესაბამის ბაზაში და ინფორმაცია ავტომატურად იგზავნება მის ელექტრონულ ფოსტაზე.

გარდა ამისა, ვებ-გვერდს დაემატა ორი ახალი ონლაინ მომსახურება:  „აბონენტის პირადი გვერდი“ და „ახალი მომხმარებლის მიერთება“. მომსახურება „ახალი მომხმარებლის მიერთება“ ონლაინ რეჟიმში „თელასის“ აბონენტად დარეგისტრირების საშუალებას იძლევა. „აბონენტის პირადი კაბინეტი“-ს მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გამოთვალოს და გადაიხადოს ელექტროენერგიის დავალიანება პირდაპირ კომპანიის ვებ-გვერდიდან. აგრეთვე, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებელია სატენდერო დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა.

„თელასის“ ახალი ინფორმაციული რესურსის დახმარებით აბონენტს შეუძლია დაუკავშირდეს  კომპანიის „ცხელ ხაზს“ და დატოვოს შეტყობინება ელექტროენერგიის დატაცების ან „თელასი“-ს თანამშრომელთა მხრიდან რაიმე სახის დარღვევის შესახებ.

„ყოველდღიურად ინტერნეტი სულ უფრო და უფრო  ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანია - მომხმარებლებს საშუალება მივცეთ ერთიან და მოხერხებულ ვირტუალურ სივრცეში მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის და მომსახურების შესახებ“ - განაცხადა სს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

 

*** სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

*** ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.