კომპანია "თელასმა" ბიზნესცენტრი "მთაწმინდა-კრწანისის" ახალი ოფისი გახსნა

სს „თელასი“ აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ცენტრებს ხსნის. დღეს კომპანიამ ბიზნეს ცენტრი „მთაწმინდა-კრწანისის“ ახალი ოფისი გახსნა.

ოფისის გახსნას ენერეტიკის მინისტრი კახა კალაძე,  „ინტერ რაოს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ესწრებოდნენ.

ბიზნეს ცენტრი „მთაწმინდა-კრწანისის“ ახალი ოფისი, რომელიც მდებარეობს ლერმონტოვის ქ. N18, დედაქალაქის 40,6 ათას აბონენტს ემსახურება, სოფელ ტაბახმელასა და წავკისის ჩათვლით.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ბიზნეს ცენტრების გახსნის მიზანია მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, როგორც ოფისების დიზაინის, ასევე მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით.   

აბონენტებს ბიზნეს ცენტრში შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. ბიზნეს ცენტრის შენობაში განთავსებულია საექსპლოატაციო სამსახური, რომელიც ოპერატიულად ახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის ტექნიკურ პრობლემაზე. აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის „თელასის“ ბიზნეს ცენტრების მორიგე პერსონალის სამუშაო დრო 23 საათამდე გაგრძელდა.

ამ დროისთვის დედაქალაქში 10 ბიზნეს ცენტრი მოქმედებს: „ვაკე-ვერა“, „საბურთალო“, „მთაწმინდა-კრწანისი“, „დიდუბე-ჩუღურეთი“, „გლდანი“, „ისანი“, „დიღომი“, „სამგორი“, „ვარკეთილი“ და  „ნაძალადევი“.

           

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.