ნევროლოგიის ინსტიტუტში მცხოვრები აბონენტების ელექტრომომარაგების შესახებ

კომპანია „თელასი“ არ ეთანხმება თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებას ნევროლოგიის ინსტიტუტში მცხოვრები აბონენტების ელექტრომომარაგების შესახებ.

აღნიშნული აბონენტების ენერგომომარაგების შეწყვეტის მიზეზი 781 228,5 ლარის დავალიანებაა, რომელიც 2003-2009 წლებში ინდივიდუალურ გამრიცხველიანებამდეა  წარმოშობილი.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ივლისის N680 განკარგულების საფუძველზე ნევროლოგიის ინსტიტუტში შესახლებულ პირებს დაკავებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანების გადახდის პირობით, რის შემდაგაც მოხდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. საერთო ჯამში 309 აბონენტი დარეგისტრირდა, ხოლო საერთო ბარათზე დაგროვილი დავალიანება გადანაწილდა.

აბონენტთა ნაწილმა ელექტროენერგიის დავალიანების ჩამოწერის საკითხის განხილვის თხოვნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა. კომისიის 2013 წლის 24 ივლისის N17/25 გადაწყვეტილებით 71 აბონენტს დავალიანება ჩამოეწერა.

კომპანია „თელასმა“ დაუყოვნებლივ აღასრულა მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ეთანხმებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა. დღეისათვის სარჩელს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

რაც შეეხება დანარჩენ 238 აბონენტს, მათ დავალიანებები არ გაუპროტესტებიათ -  დავალიანების ჩამოწერის თხოვნით მათ არც მარეგულირებელი კომისიისთვის და არც სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.

აქედან გამომდინარე, კომპანიას გააჩნია კანონიერი უფლება მოითხოვოს აბონენტებისგან დავალიანების გადახდა. დღეს არსებული მდგომარეობით ნევროლოგიის ინსტიტუტში (გუდამაყრის ქ. N2) მცხოვრები აბონენტების ჯამური დავალიანება 596 893,3 ლარს შეადგენს.