კომპანია „თელასმა“ ახალი ბიზნეს ცენტრი „დიდუბე-ჩუღურეთი“ გახსნა

კომპანია „თელასმა“ თანამედროვე სტანდარტების   ბიზნეს ცენტრი „დიდუბე-ჩუღურეთი“ გახსნა. ბიზნეს ცენტრის გახსნას ენერეტიკის მინისტრი კახა კალაძე,  „ინტერ რაოს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ესწრებოდნენ.

ახალი ბიზნეს ცენტრი, რომელიც 59,5 ათასზე მეტ აბონენტს მოემსახურება,  აბონენტთა მომსახურების ცენტრების „ჩუღურეთის“, ასევე „დიდუბის“  და  „ოქროსუბნის“ ნაწილების გაერთიანებით შეიქმნა.

აბონენტებს ბიზნეს ცენტრში შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. ამავე შენობაში განთავსებულია საექსპლოატაციო სამსახური, რომელიც ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის ტექნიკურ პრობლემაზე. (მისამართი: ხეთაგუროვის №6)

მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების და აბონენტთა მომსახურების ხარისხის  ამაღლების მიზნით , სს „თელასი“ ახორციელებს  ბიზნეს ცენტრებისა და აბონენტთა მომსახურების ცენტრების ოპტიმიზაციას. ეს პროცესი გაზაფხულზე დაიწყო და  2013 წლის ბოლოს დასრულდება. მთლიანობაში თბილისის მასშტაბით „თელასის“ ათი ბიზნეს ცენტრი იფუნქციონირებს, სადაც აბონენტებს ინფორმაციულ და ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ.

ამ დროისთვის დედაქალაქში უკვე  ხუთი ბიზნეს ცენტრი მოქმედებს: „ვაკე-ვერა“, „საბურთალო“, „მთაწმინდა-კრწანისი“, „გლდანი“, „ისანი“. წლის ბოლომდე თბილისში „თელასის“ კიდევ ოთხი ბიზნეს ცენტრი „სამგორი“, „ვარკეთილი“, „ნაძალადევი“ და „დიღომი“ გაიხსნება.

 ***ს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერრაო ეეს“–ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს“-ის მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერრაო ეესი“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს“-ის სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.

„ინტერრაო ეეს“-ის ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.