კომპანია "თელასის" ინვესტიციები 2013 წელს 29,5 მილიონ ლარს შეადგენს

2013 წელს კომპანია „თელასმა“ გააუმჯობესა თბილისის ელექტროქსელის ტექნიკური მდგომარეობა, დახვეწა კომპანიის მართვის სისტემა, აამაღლა აბონენტთა მომსახურების ხარისხი, გაზარდა ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.

წლის წარმატებული თანამშრომლები კომპანიამ სიგელებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია და კომპანია “თელასის” 2013 წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში შედგა. ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, “ინტერ რაო”-ს ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი, სს „თელასი“-ს გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2013 წელს “თელასის” მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 29,5 მილიონი ლარს შეადგენს.

ამ თანხიდან მიმდინარე წლის 11 თვის მანძილზე ათვისებულია 24,8 მილიონი ლარი, საიდანაც 21,1 მილიონი ლარი გამანაწილებელი ქსელის გაფართოებისა და ტექნიკური გადაიარაღება-რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელებას მოხმარდა.

წელს კომპანიამ განახორციელა ისეთი პროექტები, როგორიცაა 10(6) კვ დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების შეცვლა ქვესადგურებში „პლატო ნუცუბიძე“, „დიდუბე-220“, „ნავთლუღი-220“; 110 კილოვოლტიან ღია გამანაწილებელი მოწყობილობების შეცვლა ქვესადგურში „დიღომი-2“; სამი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის სრული რეკონსტრუქცია; საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების შეცვლა (სულ 18 კილომეტრი); 110 კილოვოლტიანი ძალოვანი ტრანსფორმატორების რემონტი სამ ქვესადგურში. აგრეთვე, დაიწყო რეკონსტრუქცია 110 კილოვოლტიანი საჰაერო გადამცემი ხაზის „მახათა“, რამდენემე ათეულ ქვესადგურში კაპიტალური სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.

ყველა ზემოაღნიშნული სამუშაოს განხორციელების მიზანი მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობისა და ეფექტურობის ამაღლებაა, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.

რაც შეეხება ქსელის გაფართოებას, წელს კომპანიამ 10,8 ათასი ახალი აბონენტის მიერთების სამუშაოები ჩაატარა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზარდა აბონენტების ენერგომომარაგების საიმედოობა, შემცირდა ელექტროენერგიის დანაკარგების ოდენობა.  2013 წლის 11 თვის მონაცემებით 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქსელში დაფიქსირებული ტექნიკური ინციდენტების რიცხვი 26,14%-ით, ხოლო ელექტროენერგიის კომერციული დანაკარგების მაჩვენებელი 2,4% შემცირდა.

2013 წლის 11 თვის განმავლობაში კომპანია „თელასმა“ 1 832 828 322 კვტ/ს ელექტროენერგია შეისყიდა, რაც 18 335 179 კვტ/ს-ით აღემატება 2012 წლის 11 თვის მაჩვენებელს. აგრეთვე, 2012 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით ამაწლის 11 თვის განმავლობაში მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა 60 617 712 კვტ/ს-ით გაიზარდა, რაც უპირველეს ყოვლისა კომერციული დანაკარგების შემცირებამ განაპირობა.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის რეალიზაციის კუთხითაც. 2013 წლის იანვარ-ნოემბერში “თელასის” შემოსავლებმა ელექტროენერგიის რეალიზაციიდან დაგეგმილ მაჩვენებელს 14,5 მილიონი ლარით გადააჭარბა.

ამასთანავე კომპანია „თელასი“ თადამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს აგრძელებს. მიმდინარე წლის ნოემბრიდან ბიზნეს ცენტრში „ისანი“ მობილური მოწყობილობების მეშვეობით მონაცემთა აღების და ინფორმაციის ბილინგის ბაზაში გადაცემის სისტემის დანერგვის პილოტური პროექტის განხორციელება დაიწყო. მრიცხველის ჩვენების წაკითხვა ხდება პლანშეტით და ინფორმაცია ავტომატურად გადაიცემა ბილინგის მონაცემთა ბაზაში, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მცდარი ჩვენების დაფიქსირების ალბათობას.  მომავალი წლიდან აღნიშნული სისტემა „თელასის“ ყველა ბიზნეს ცენტრში დაინერგება.

აგრეთვე კომპანია დიდ ყურადღებას ანიჭებს აბონენტთა მომსახურების ხარისხის ამაღლებას. თანამედროვე ტექნოლოგიების და პერსონალის მართვის ეფექტიანი სისტემის  დანერგვის შედეგად „თელასის“  საინფორმაციო ცენტრის მუშაობა უფრო ოპერატიული გახდა. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში „თელასმა“ ახალი თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ცენტრები გახსნა. კომპანია გადავიდა ერთიან სატელეფონო ნომერზე, აამოქმედა ე.წ. „ცხელი ხაზი“ და შექმნა ახალი ვებ-გვერდი.

ახალი სამენოვანი ვებ-გვერდის სტრუქტურა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მარტივად მიღოს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა ასპეკტზე და მისი სერვისების შესახებ. გარდა ამისა, ვებ-გვერდს დაემატა ორი ისეთი ახალი ონლაინ მომსახურება, როგორიცაა „აბონენტის პირადი გვერდი“ და „ახალი მომხმარებლის მიერთება“.

თბილისის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზების პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. კომპანია “თელასი”-ს ინვესტიციები 2014 წელს 20 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.